J.K. Rowling — “Harry Potter” – Fiction
იყო და არა იყო რა, იყო ერთხელ ერთი ქალი, რომელმაც ჯადოსნური ისტორია დაწერა, 12 გამომცემელთან მიიტანა და მხოლოდ მეცამეტე ცდაზე მიაღწია იმას, რომ ეს საოცარი ამბავი წიგნად დაებეჭდათ. გავიდა დრო და ყველამ შეიყვარა ბიჭი, რომელიც გადარჩა. სულ რამდენიმე თვე გახდა საჭირო, რომ მთელი მსოფლიო ახალ წიგნზე ალაპარაკებულიყო; ზოგს სიგიჟემდე უყვარდა ჰარი პოტერი, ზოგი -რელიგიური მოტივებით გმობდა, სხვებმა აივნებიდან ცოცხებით გადმოხტომაც კი დაიწყეს და, რაღაც მომენტში, სიკვდილიანობა იმდენად გაიზარდა, რომ ჩინეთში საერთოდ აკრძალეს წიგნის გაყიდვა.
მე კი, 11 წლის ვიყავი, ჰარი რომ გავიცანი – ზუსტად იმხელა, ჰოგვორტსიდან წერილები რომ მოსდით ხოლმე, რომლებშიც წერია, რომ ისინი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში ჩაირიცხნენ… და დაიწყო ყოველი ნაწილის რამდენიმე საათში კითხვა, მთელი წელი ახალი ამბის ლოდინი, ისტორიის გაგრძელებით კიდევ უფრო დიდი აღფრთოვანება, ჩემს ხელთ არსებული წიგნების მეათედ, ორცმოცდამეათედ, ასმეათედ წაკითხვა, საბნის ქვეშ, გაკვეთილებზე, ავტობუსებში, მატარებელში, მოკლედ, სად აღარ. მე ჰარისთან ერთად ვიზრდებოდი, წელი მემატებოდა თუ არა, მაშინვე გამოდიოდა ახალი ნაწილიც და კიდევ ერთხელ მიწევდა ჯოან როულინგისათვის მხურვალე მადლობის თქმა, კვლავ მიხაროდა, რომ ახალი წიგნი წინაზე დიდი და კიდევ უფრო ჯადოსნური იყო. შემდეგ, ისტორიის განვითარებთ აღტკინებული, ისევ ჩემს საუკეთესო მეგობარს ვურეკავდი, რომ მერე დიდხანს, დიდხანს გველაპარაკა, თუ რა მამაცია ჰარი, რა ჭკვიანი და კარგი მეგობარია ჰერმიონი, რა სასაცილოა რონი, რომ გვინდოდა დამბლდორი პაპაჩვენი ყოფილიყო, რომ სნეიპი ნაძირალაა და, ნეტავ, ამ ვოლდემორს თუ მოკლავს ოდესმე ვინმე?!
დღეს მე 27 წლის ვარ; ამ ხნის განმავლობაში, შევიცვალე სკოლები, უნივერსიტეტები, საცხოვრებელი ქვეყნები, მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია ჰარი პოტერის სიყვარული და იმის მტკიცება, რომ მისი სამყარო ყველაზე ნამდვილი, ჯადოსნური და წარმოუდგენლად მშვენიერია! 1 მახსოვს, როგორ არ აკითხებდა ჩემს მეგობარს დედამისი ჰარი პოტერს, არადა, პირველი წიგნი მაინც რომ წაეკითხა, თვითონაც მიხვდებოდა – ჰარი ყველა იმ ღირებულებისთვის იბრძოდა, მშობლები რომ რუდუნებით გადმოგვცემენ; მიხვდებოდა, რომ ამ წიგნში სიკეთე და სიყვარული უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ყველაზე დიდი იარაღია, რომ მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას, რომ უცხო ადამიანებმა, შეიძლება, დაღუპული მშობლები შეგიცვალონ. ამ წიგნის წაკითხვისას სწავლობ – მამაცი ის კი არ არის, ვისაც არაფრის ეშინია, არამედ, ის, ვინც შიშს დაძლევს; სწავლობ, რომ მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცოცხლებ, არამედ, ის, თუ რისთვის მოკვდები; სწავლობ, რომ შეიძლება, ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანი დაკარგო, მაგრამ ისინი, ვისაც მართლა უყვარხარ, არსად მიდიან და ყოველთვის შენს გულში რჩებიან. სწავლობ, რომ ხანდახან ყველაზე დიადი ადამიანებიც კი ცდებიან, თუმცა, თითქმის, ყოველთვის შეიძლება შეცდომის გამოსწორება. და, კიდევ, იმას სწავლობ, რომ ჯოხი ირჩევს ჯადოქარს და არა პირიქით, რომ არასოდეს უნდა აიღო ტყუპი უიზლების შემოთავაზებული ტკბილეული და თუ ფიქრობ, რომ ქუდი არასწორად განაწილებს, შეგიძლია, უბრალოდ, სთხოვო.
შემიძლია, უსასრულოდ ვისაუბრო ჰარიზე, ჯოან როულინგზე, დამბლდორზე, დედის სიყვარულის ჯადოსნურ ძალასა და ბავშვივით კეთილ ჰაგრიდზე, მაგრამ, ახლა, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დღესაც მჯერა – ლონდონში არაჯადოქრებისთვის შეუმჩნეველი ლუდხანაა, რომლიდანაც მრუდე ქუჩაზე გადიხარ, გრინგოტსის ბანკის შენი აკლდამიდან ოქროს გალეონები გამოგაქვს, მადამ მალკინსთან ახალ მაინტიას ყიდულობ, მისტერ ოლივანდერთან შეხვალ, შენს ჯოხს დაიჭერ და ხელში სითბო ჩაგეღვრება, მერე კი, 9 და სამი მეოთხედი პლატფორმიდან, ჰოგვორტსის მკივანა, თუხთუხა მატარებელში ჩაჯდები და ციხესიმაგრის დიდ დარბაზში, დამბლდორის მიერ მოჯადოვებული ჭერის ქვეშ, შინაური ელფების გაკეთებულ უგემრიელეს შოკოლადის პუდინგს შეჭამ. მჯერა, მაგიურად გაცოცხლებული ალბუს დამბლდორი ერთ დღესაც მიხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, 16 წლის წინ ბუ რომ არ გამომიგზავნა და, თუნდაც, ოდნავ დაგვიანებით, მაინც მომივა ის ნანატრი წერილი, რომელშიც ჩემი ჩარიცხვისა და საჭირო ნივთების შესახებ ეწერება.
და მერე, როცა ღრმად მოხუცებული ჩემს საქანელა-სავარძელში ვიჯდები, “ჰარი პოტერით” ხელში, ჩემი შვილიშვილი მკითხავს:
— ისევ?!
მე კი, ვეტყვი:
— ყოველთვის!
ავტორი: ნინი ბატიაშვილი
コメント