ნოველისტი, ესეისტი, ფემინისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი – სწორედ ასე შემორჩა მსოფლიო ლიტერატურას ინგლისელი მწერალი ქალი ვირჯინია ვულფი, რომლის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა ღრმა შინაარსობრივი განცდები და ცხოვრებისეული ანალიზის საოცარი უნარი. დეპრესიული, უცნაური და ბუნებით გულჩათხრობილი ვირჯინია მუდამ დაეძებდა ინსპირაციას, რომელიც ასაზრდოებდა მის ლიტერატურას და ამავდროულად, დიდ ფსიქიკურ რესურსსაც მოითხოვდა.
ის იყო ქალი, რომელიც მწერლების ოჯახში დაიბადა და ეს ნიჭიც გენეტიკურად ერგო. მიუხედავათ იმისა, რომ წიგნებს იშვიათად კითხულობდა, იგი ადამიანების წაკითხვის საოცარ უნარს ფლობდა, უთქმელად ესმოდა მათი შინაგანი ხმები და ითავისებდა, როგორც თავისას. სიუჟეტის სწორედ ამგვარი გადმოცემა ქმნის მკითხველის დამოკიდებულებას ნათლად გაითავისოს მისი თოთოეული პერსონაჟის ცხოვრება, როგორც მის ერთ-ერთ ცნობილ ნაწარმოებში „მისის დელოუეი”-ში, ხდება.
წიგნი, რომელიც მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება, აერთიანებს ძალიან ბევრ საინტერესო პერსონაჟს, რომელთა შორისაც გამორჩეულია მთავარი გმირი კლარისა , იგივე „მისის დელოუეი“, საკმაოდ წარჩინებული ქალი, რომელიც წიგნის პირველივე ფურცლებში მიისწრაფვის ლონდონის ქუჩებში და წვეულების მოსაწყობად ემზადება. მისი ოცნებები, განვლილი ცხოვრება, დანიშნულება საკუთარ თუ სხვის ცხოვრებაში, ქორწინება, სიყვარული, რომელთა გაანალიზება ზუსტად იმ ერთ დღეს ხდება.
მისი მეუღლე რიჩარდი, წიგნში მოცემული მძიმე და ცვალებადი დროის მსგავსად, თითქოს მექანიკურად არის მოწყობილი და კლარისასაც მის ცხოვრებაში სწორედ ამგვარი სტატუსი აქვს. წარსულში კი, შეიძლება დარჩენილი იყოს ერთი ადამიანი, რომელიც გიცნობს ისეთს, როგორიც ხარ, როგორც კლარისას იცნობდა პიტერი უოლში მთელი მისი ადამიანური შინაარსით და მასთან ერთად მაინც არ იყო. პიტერ უოლშის ნაცვლად რიჩარდზე ცოლად გაყოლა ცხოვრების ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად რჩება.
მუდამ წარსულში დარჩენილი გონება, რომელიც სიყვარულს და იმ დროინდელ ბედნიერ ცხოვრებას უკავშირდება, პარალელურად შეიძლება დაუკავშირდეს წიგნის მორიგ პერსონაჟს სეპტიმუსს, რომელიც ომისა და უახლოესი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძოდა. მიიჩნევენ, რომ იგი, სწორედ ვირჯინია ვულფის კაცი ვარიანტი იყო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სეპტიმუსის გვერდით მუდამ იდგა მისი მეუღლე ლუკრეცია, როგორც ვირჯინიას შემთხვევაში რიჩარდ ვულფი, რომელმაც საკუთარი გამომცემლობაც კი დაარსა მეუღლის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.
წიგნში გადმოცემული პრობლემები ეხება ყველას, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, რომლებიც შეიძლება იყოს ცხოვრებაზე, სიყვარულზე, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზე; იმაზე, რომ ორი ადამიანი არასდროს უნდა უშლიდეს ხელს ერთმანეთის განვითარებას, რადგან ხშირ შემთხვევაში მეორე მხარე მძიმე დეპრესიაში ეშვება, ქმნის გამოგონილ სამყაროს და იქ ბედნიერი არ არის.
როდესაც ვირჯინია ვულფმა საკუთარ პერსონაჟს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ნამდვილად სწორი გადაწვეტილება მიიღო. მან დაგვანახა არაერთი ყოფითი პრობლემა უამრავი ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ნამდვილად არ მივყავართ მდინარისკენ თავის მოსაკლავად ლოდებით სავსე ქურთუკით. პირიქით, იქამდე მისასვლელ გზებს ამარტივებს და ყოველივე ამის მაგალითზე, გვაძლევს საშუალებას წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება წიგნში მოცემული სიუჟეტისგან განსხვავებულად. ყვავილებიც ჩვენ თვითონ შევიძინოთ და ისეთი წვეულება მოვაწყოთ, რომელზეც მთელი გულით გვენდომება დასწრება.
„როცა ვბერდებით, შეგვიძლია, თავი ერთი რამით დავიმშვიდოთ: მიუხედავად იმისა, რომ მწველი ვნებები არ ნელდება, მხოლოდ სიბერეში შეგვიძლია, განვლილი ცხოვრება შევიცნოთ, გამოცდილება ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მზის სინათლეზე გამოვიტანოთ. ცხოვრება სწორედ მაშინ ხდება საინტერესო და უსაზღვროდ მშვენიერი“…- ვირჯინია ვულფი
Commentaires